წინა საუკუნის ოთხმოცდაათიანები იდგა, ზუსტად არ მახსოვს
რომელი წელი. ვინც ეს პერიოდი გამოვიარეთ, უდავოდ გაგვახსენდება პურის რიგები, უშუქობა,
ნავთის ლამფები და ნავთის გამათბობლები საშინელი ნავთის სუნით, ბანდიტების თარეში და
შიში, მომავლის შიში, თითქოს დაუძლეველი, რომელსაც ჩვენი ახალგაზრდული ოპტიმიზმი შეძლებისდაგვარად
ებრძოდა.
ერთი ასეთი ღამე გამახსენდა ახლა 2019-ის დამდეგს. ზამთარი
იყო, ციოდა, ღამდებოდა, ჯერ ერთი შვილი გვყავდა და ადრე დავწექით და შუაში ჩავიწვინეთ,
რომ გაგვეთბო. ჩემ მხარეს პატარა მაგიდაზე ნავთის ლამფა დავტოვე ანთებული, რადგანაც
ჩაძინების პრობლემა სულ მქონდა და ვიფიქრე, რამეს წავიკითხავ-თქო. ახლა ვერ ვიხსენებ,
რას ვკითხულობდი, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს, რადგანაც ეგრეთ წოდებული 'წიგნის ჭია' ვარ და მთავარია წასაკითხი იყოს. თანდათან ძილი მომერია და დავაპირე ლამფის ჩასაქრობად ადგომა, მაგრამ
შევამჩნიე, ლამფის შუქმა როგორ იმატა და იმატა, ისე ძლიერად, რომ უკვე თვალებს მტკენდა.
უცებ ცეცხლს ჩემი ფერის, არა ზუსტად ჩემნაირი, თვალი მოსწყდა და მე მომაშტერდა. კარგა
ხანს მათვალიერა, მერე მისი ჩურჩული ჩამესმა: „მე ჯადოსნური თვალი ვარ, ვისიც გავხდები,
ის მომავალს დაინახავს. გინდა შენი გავხდე? მომავალს დაინახავ შენსას, შენი შვილების,
ხო, შვილების, კიდევ ორ ვაჟიშვილს გააჩენ, შენ მშობლებს სულ გოგონები ყავს, შენ სულ
ბიჭები გეყოლება. უფრო მეტიც“, არ ჩერდებოდა და აგრძელებდა: „შენი ქვეყნის, დედამიწის,
სამყაროს მომავალს დაინახავ.“
ძალიან ინტერესიანი პიროვნება ვარ, ყველაფერი მაინტერესებს,
მით უფრო მომავალი. ვიგრძენი, როგორ გამახარა მისმა წინადადებამ. წარმოიდგინეთ, რა
ძლევამოსილი ვიქნებოდი, თუ მომავალი მეცოდინებოდა.
რა თქმა უნდა, მინდა-თქო, ვაპირებდი თქმას, მაგრამ „არა,
არ მინდა, მომშორდი“, -გავიგონე ჩემი სასოწარკვეთილი ხმა და ვიგრძენი, შიშისაგან როგორ
ვცახცახებდი. მერე თავი ხელში ავიყვანე და ხელოვნურად დაყენებული მშვიდი ხმით მივუგე:
„მე თავად შევქმნი ჩემ მომავალს და თავად ვნახავ, რა გამომივა.“
თვალმა ჩუმად და ირონიულად ჩაიცინა, მერე სიცილს უმატა,
ბოლოს ისე ახარხარდა, რომ გასკდა, და ამოვარდნილმა ქარიშხალმა ლამფა ჩააქრო.
... გამეღვიძა, ლამფა ჩამქრალი იყო, ალბათ ნავთი გამოილია.
ჯერ ბნელოდა, ჩემ ქმარ-შვილს ჩავეხუტე და მათი იმედით ტკბილად შევიბრუნე ძილი.
მართალი უთქვავს, კიდევ ორი ვაჟიშვილი მეყოლა. გამოგიტყდებით, რომ ურთულესი ცხოვრების გზა
გავიარე და ერთს მივხვდი, რომ ურთულესი ცუდს, არასასურველს არ ნიშნავს. იმედია, კიდევ დამრჩა გასავლელი. დღეს იმ თვალის გარეშეც ვიცი, რომ არც ახლა
იქნება მომავალი მარტივი, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებ, როგორც ვაკეთებდი, იმისათვის, რომ იყოს მართალი.
დღემდე მადლიერი ვარ იმ თვალის, რადგანაც ყოველთვის,
როდესაც შეცდომას ვუშვებ ან ისე ვიღლები, რომ ფარ-ხმალის დაყრას ვაპირებ, მისი ირონიული
ჩაცინება მახსენდება და მის ჯიბრზე ძალებს ვიკრებ და ჩემეული შემართებით ვიწყებ სირთულეებთან ბრძოლას.
მის გარეშე ჩემი ცხოვრება ბევრად უიმედო და უინტერესო
იქნებოდა.
გიმაიო
02/01/2019
თბილისი
Comments
Post a Comment