წინა ღამეს თითქმის არ მიძინია, არადა დღეს ბევრი სამუშაო მქონდა, მიუხედავად იმისა რომ შაბათი იყო, და მთელი დღე მაგიდასთან გავატარე. საღამოს ექვსი იქნებოდა, როდესაც ვიგრძენი, რომ ცოტა ფეხით გავლა არ მაწყენდა. სავსე საფერფლე გადავყარე, ჩემი ცოლი ვერ იტანს სუნს, და სახლიდან გამოვედი.
გადაწყვეტილი არ მქონდა, რას ვაპირებდი, და პროსპექტით ვაკის პარკის მიმართულებით ჩქარი ნაბიჯით გავუყევი გზას. ხო, ვაკის პარკში გაისეირნე და დაისვენე ცოტა, ვუთხარი საკუთარ თავს. მზე ჩასასვლელად ემზადებოდა, მაგრამ ჯერ კიდევ მზის სათვალე ზედმეტი არ იქნებოდა. ყოველთვის ის მრჩება სახლში, რაც მჭირდება, გავიფიქრე და გავჩერდი, რადგანაც სამანქანო გზას მივადექი.
შუქნიშანი არ ჩანდა, გადასასვლელი დახაზული იყო და წესით მანქანა უნდა გაჩერდეს, როდესაც ქვეითი გადადის, მაგრამ წესები არ წესობენ ჩემ ქალაქში. ერთი-ორი მანქანა გაჩერდა კიდეც, მაგრამ მესამემ გზა გამოაგრძელა, მე გამცდა და უცებ შეჯახებისა და ხალხის ყვირილის ხმა გავიგონე. მარჯვნივ, საიდანაც ხმები მოდიოდა, გავიხედე და ... გავაგრძელე გზა. რაღაც ასაკის შემდეგ ხვდები კაცი, რომ საკუთარ ნერვებს უნდა გაუფრთხილდე თუ მითუმეტეს ინფარქტიც გადატანილი გაქვს, და ყველაფერს უარყოფითს იცილებ, რისი აცილებაც შეიძლება.
რამოდენიმე ათეული ნაბიჯი გადავდგი და ჩემდაუნებურად უკან გამოვბრუნდი. ასაკიანი ქალბატონი სისხლის გუბეში მიწაზე ეგდო, ჯერ გონზე იყო. თავს ახალგაზრდა გოგონა ედგა, რომელიც გამუდმებით ერთსა და იმავეს ბუტბუტებდა: „ოღონდ არ მოკვდეთ ... სასწრაფო რატომ იგვიანებს“. ეტყობოდა ეს ახალგაზრდა იმ მანქანას მართავდა, რომელიც ამ ქალბატონს დაეჯახა.
მათთან ძალიან ახლოს მივედი, რადგანაც ერთმა ფაქტმა გამაოცა - ეს ორი, დაშავებულიც და მძღოლიც, ერთმანეთს გაკვირვებით ათვალიერებდნენ. მეც შევხედე ჯერ ერთს, მერე მეორეს, ისევ პირველზე გადავიტანე მზერა, შემდეგ მეორეზე, ძალიან დავაკვირდი. ღმერთო, როგორ გავდნენ ერთმანეთს. პირველად ის ხალი შევამჩნიე, ყურის ქვეშ ყელზე რომ ქონდათ ორივეს. სახის მოყვანილობა, ნაკვთები, თვალის ფერიც კი ერთი ქონდათ, მხოლოდ ერთი ახალგაზრდა და მეორე ხანშიშესული იყო. თქვენ წარმოიდგინეთ და ორთავეს უხდებოდათ კიდეც მარცხენა წარბის ქვეშ პატარა შრამი.
ვუყურებდი, როგორ ათვალიერებდნენ ერთმანეთს და უზომოდ მინდოდა მათ ფიქრებში შემეღწია. რაზე ფიქრობდნენ ახლა - ფიქრობდნენ წარსულზე, მომავალზე თუ აწმყოში გაიჭედნენ. დიახ, გაიჭედნენ, რამეთუ ეს ისეთი აწმყო აღმოჩნდა, რომელშიც მომავალი წარსულს შეეჯახა. ან, იქნებ, წარსული და მომავალი სულ ჯახშია, და ამიტომაც ვართ აწმყოში მუდამ გაჭედილები?!
ამ ფილოსოფიური ბურუსიდან სასწრაფოსა და პოლიციის მანქანების სირენის ხმამ გამომიყვანა. ექიმები და პოლიცია შეუდგნენ თავიანთი მოვალეობების შესრულებას. შეგროვილი ხალხიც ნელ-ნელ დაიშალა.
ვაკის პარკისკენ აღარ წავსულვარ, სახლისკენ გამოვბრუნდი. შემეძლო გავჩერებულიყავი, მეკითხა, რომელ საავადმყოფოში წაიყვანდნენ დაშავებულს და გამეგო, რა ბედი ეწოდა ორთავეს, მაგრამ ...
ოპტიმისტი ვარ და არ მინდა ეს რეალობამ წამართვას. ისედაც, რა აზრი აქვს მიმდინარე შეკითხვებზე პასუხის მიღებას, როდესაც მთავარი შეკითხვა პასუხგაუცემელი რჩება? არა და ეს პასუხგაუცემელი შეკითხვებია, ეს დედამო...ლი, ასე რომ აფორიაქებს ადამიანს.
გიმაიო
15/06/2018
თბილისი
Comments
Post a Comment