ჩემი აურ-ზაურიანი მაგიდა ცოტა მოვაწესრიგე, ლეპტოპი
და რვეულ-კალამი მოვიმარჯვე და გადავწყვიტე კიდევ ერთი პატარა მოთხრობა დამეწერა.
მწერალი არ ვარ, ამით იმის თქმა მინდა, რომ მოთხრობების
წერის არანაირი ვალდებულება არ მაქვს; ჩემი კარდინალურად განსხვავებული საქმე მაქვს,
რომელსაც სიამოვნებით ვაკეთებ. უბრალოდ ვიგრძენი, რომ რაღაცის თქმა მინდოდა. თქვენ
წარმოიდგინეთ, ეს სრულიად ფიზიკური შეგრძნება იყო თავისი აფორიაქებით, რომლის აღწერას დაიწყებ თუ არა, ხვდები, რომ საკმარისი
სიტყვების მარაგი არ გაქვს, და ამიტომ უცნაურ სახელს არქმევ; ეს სახელი მუზაა.
ლეპტოპი თუ რვეული, ვკითხე თავს, და არაჩემეული პასუხი
მივიღე - რვეულიო. ავიღე კალამი, თან ვგრძნობ, რომ ვერაფერი შეაჩერებს ჩემ სათქმელს
და ...
გავჩერდი. გავჩერდი, რადგანაც სათქმელი ვერ ვიპოვე.
მგონი კარგა ხანს ვიჯექი ასე. ჩემ ტვინში მობორიალე მუდმივმა ფიქრებმაც კი დამტოვეს.
„ესე იგი, დამიძახე და მერე მიმატოვე?“ - ვკითხე ქალბატონ თუ ბატონ მუზას. პასუხის
ღირასადაც არ ჩამთვალა და წარსულში გადამაგდო.
კითხვა ადრეული ბავშვობიდან ძალიან მიყვარდა ალბათ იმიტომ,
რომ ერთფეროვან და მოსაწყენ გარემოდან გაქცევა მსურდა განსხავებულ, ლამაზ, ფათერაკებით
სავსე სამყაროში, რომლის შემეცნებაც მინდოდა. მაშინ ლაპარაკი და წერა არ მიყვარდა,
რიცხვებს, ცვლადებს, მათ შორის კანონზომიერებებს, ლოგიკურ კავშირებს ჩუმად ვეტრფოდი.
ჩემმა ცხოვრებამ გამირბინა თვალწინ - ურთულესმა, მაგრამ
სიყვარულით სავსემ; სულ ბრძოლებში. ბრძოლები ზოგჯერ წაგებითა და ზოგჯერ მოგებით მთავრდებოდა;
მართალია, ზოგჯერ ფრეც იყო. როდესაც ამ ბრძოლებს ადამიანი მომავლიდან უყურებ, მოგება-წაგების
მნიშვნელობა ფერმკრთალდება და თავად გამოვლილ ბრძოლებს ეძლევა აზრი, რადგანაც ეს ბრძოლები
გაყალიბებენ პიროვნებად და გძენენ გამოცდილებას.
ეტყობა, წლებში რომ შედიხარ, გიჩნდება სურვილი შენი
დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება სხვასაც გაუზიარო, მაგრამ ხვდები, რომ ბევრი ვერაფერი გისწავლია,
უფრო მეტი შეკითხვა დაგიგროვებია და ცდილობ მკითხველთან ერთად მიუახლოვდე პასუხებს. ჩემი აზრით, ფიქცია,
ანუ შეთხზული ამბავი, ყველაზე კარგი ფორმაა ამის გასაკეთებლად, რადგანაც წერისას თავისუფლების
საზღვრებს აფართოვებს. უი, ამომიტივტივდა ის ისტორია, თქვენთვის რომ უნდა მომეყოლა. ეს
გავიფიქრე თუ არა, მუზაც გამოჩნდა; მხარზე მისი შეხება ვიგრძენი. რა თბილი და სასიამოვნო ხელი აქვს, ისეთი ჟრუანტელი რომ დაგივლის. კალამს ხელი მოვკიდე,
მაგრამ ...
გამახსენდა, როგორ მიმატოვა ცოტა ხნის წინ და არ ვიცოდი,
რა მეთქვა თუ დამეწერა. გავბრაზდი და, დიახ, ცუდი სიბრაზე მაქვს. ჩამოვაღებინე ხელი
ჩემი მხრიდან, ჩავხედე თვალებში და ვუთხარი: „იცი რა, გენაცვალე, როდესაც მჭირდებოდა,
მიმატოვე, ახლა მე გტოვებ. წავალ, ჩემ უსაყვარლეს შვილიშვილს მოვინახულებ. სულ კარგად
ბრძანდებოდე!“ ბოლო სიტყვები რაღაც კარგად არ მომხვდა ყურში, ამიტომ მივუტრიალდი და მივაძახე მაინც,
მომავალ შეხვედრამდე-თქო.
გიმაიო
2018 წლის 8 ივლისი
Comments
Post a Comment