„გაიღვიძე!
გაიღვიძე! გაახილე თვალები!“ ჩაესმა ძილში, თან ლოყაზეც შემოტყაპუნება იგრძნო. ვინ
უნდა ყოფილიყო მის სახლში, უპატრონო 70-ს გადაცილებილი ხანში შესული ქალბატონი გახლდათ,
მარტო ცხოვრობდა, დამხმარე ქალი ხვალ უნდა მოსულიყო. ძალიან ეზარებოდა გაღვიძება, მაგრამ,
ვინც არ უნდა ყოფილიყო, ხათრს ვერ გაუტეხდა და თვალები გაახილა. ვერავინ დაინახა. წამოდგა.
მის საწოლთან დიდი სარკე მისი ახალგაზრდობიდან იდგა. ახალგაზრდა როდესაც იყო, ყოველ
დილით ამ სარკესთან რამოდენიმე წუთი ჩერდებოდა, მოწონდა საკუთარი თავი, სიფრიფანა,
გრძელ-ფეხება ლამაზი ახალგაზრდა იყო, მაგრამ რაც წლები გადიოდა, სარკის წინ ყოფნის
დრო თანდათან მცირდებოდა, ბოლოს კი ცდილობდა სარკისათვის თვალი საერთოდ აერიდებინა.
იგივეს გაკეთებას აპირებდა, მაგრამ რაღაც უცნაური იგრძნო თუ დაინახა და სარკესთან გაჩერდა.
ისევ სიფრიფანა ლამაზი ქალი უყურებდა სარკიდან,
მაგრამ ეს კი არ გაუკვირდა, არამედ ის, რომ სარკის მიღმა მდგომ ქალს ფერადი
და საკმაოდ მოზრდილი ფრთები ქონდა. ბეჭები შეათამაშა და ეს ფრთები საკუთარ სხეულზეც
შეიგრძნო, მერე გადახედა და ვერც შიში და ვერც უხერხულობა ფრთების
დანახვაზე ვერ იგრძნო, პირიქით გაეხარდა.
აბა,
ხომ მოგწონს ეგ ფრთებიო, ხმა თითქოს ნაცნობ მამაკაცს ეკუთვნოდა, მაგრამ ვერ მიხვდა,
ვის. ხმის მიმართილებით გაიხედა და იქედან ისეთი ნათება მოდიოდა, რომ ვერაფერი დაინახა,
მხოლოდ თანხმობის ნიშნად თავი დააქნია. ისევ იმ ხმამ გააგრძელა: „მთელი ცხოვრება საზოგადოების
დაწერეილი წესებით გაიარე, ვერც სიყვარულს გაუღე გული და არც შენმა საქმემ მოგიტანა აღმაფრენა,
მოკლედ ერთხელაც კი არ გაგიფრენია და ეს ფრთები სწორედ იმისათვის
მოგეცი, რომ შეიგრძნო ფრენის სილაღე და სიამოვნება. რას იზავ, გაფრინდები?“
არ
იცოდა, რა ეპასუხა. თავისი ცხოვრების გახსენება დაიწყო. ახალგაზრდობაში ყავდა შეყვარებული,
რომელსაც, როგორც იმ დროინდელი წეს-ჩვეულებები მოითხოვდნენ, თითიც კი არ დააკარებინა,
მაგრამ დაპირდა, დაველოდები ჯარიდან შენს დაბრუნებასო. ჯარში წასვლამდე შეყვარებულმა
დანიშნა კიდეც ყველა წესის დაცვით, მაგრამ სამხედრო სამსახურის შესრულების დროს რაღაც
მოხდა, რაც ვერასოდეს გაიგო, და მისი შეყვარებული ჩამოასვენეს. ბევრი იგლოვა, შავებიც
ათწლეულები ეცვა, რითაც თავისი წრის დიდი პატივისცემა დაიმსახურა, თავადაც ამაყობდა,
რომ ერთგულების მაგალითად ითვლებოდა. მერე ის გამოჩნდა, უკვე 35-ის იყო. შეუყვარდა?
ამ შეკითხვის დასმას საკუთარ თავს ვერ გაუბედავდა, მაგრამ რამდენჯერაც სიზმარში ნახა
და, მისი ხელი შეეხო, ისეთი ნეტარება იგრძნო, უნდოდა სიზმარი არასოდეს დამთავრებულიყო. მეორე მასზე ახალგაზრდა იყო და, რა თქმა უნდა, როდესაც იგი სიყვარულში გამოუტყდა,
ისე მკაცრად და დაბეჯითებით უთხრა უარი, რომ იმ ახალგაზრდა კაცმა ვერც კი გაბედა დასანიშნი
ბეჭდის ჯიბიდან ამოღება და, რომ დაცილდნენ, გაბრაზებულმა მდინარეში გადააგდო. ასე მოუყვა
თავისმა მეგობარმა, იმ ბიჭის დამ.
მის
ახალგაზრდობაში ძალიან პრესტიჟული იყო ექიმობა, კარგ ექიმადაც ითვლებოდა და საკუთარ
თავსაც არასოდეს გამოტყდომია იმაში, რომ თავისი სპეციალობა არ უყვარდა. ერთ ზაფხულს დასასვენებლად
იყო წასული და დილა უთენია ჩიტის ჭიკჭიკმა გააღვიძა, გაიხედა ფანჯარაში და ლამაზი წითელგულა
ჩიტი დაინახა. სასწრაფოდ შემოტრიალდა, ქაღალდი და ფანქარი აიღო და იმ ჩიტის დახატვა
დაიწყო. რომ დაამთავრა თავადაც გაუკვირდა, მისი დახატული ჩიტი ცოცხალს როგორ გავდა,
თითქოს გაფრენას აპირებსო. რაღაცნაირი სიმსუბუქე და თავისუფლება იგრძნო, რამაც შეაშინა,
დახატული ფურცელი დაკუჭა და ნაგავში ჩააგდო. „რა დროს ესაა, ისედაც იმდენი საქმე მაქვს.
ურთულეს პროფესიას ვარ შეჭიდებული. სახლში
ძალიან დაღლილი ვბრუნდები და ამ სისულელეზე დროს ვერ დავკარგავ“, უთხრა საკუთარ თავს.
დიახ,
საკუთარ თავს ხშირად ესაუბრებოდა, რადგანაც არც ოჯახი ყავდა და არც მაინცდამაინც
მეგობრები, ვინაიდან მძიმე ხასიათების ადამიანად ითვლებოდა. შორეული ნათესავები კი
ყავდა, მაგრამ ისისნი მხოლოდ მაშინ აკითხავდნენ, როდესაც სამედიცინო პრობლემები ქონდათ
და იცოდა, რომ როდესაც გარდაიცვლებოდა, ყველა ეგრეთ წოდებული მესამე რიგის მემკვიდრე
უმალვე მასთან გაჩნდებოდა, რადგანაც საკმაო უძრავ-მოძრავი ქონება დააგროვა თავის სიცოცხლეში
და საბანკო ანგარიშებიც ქონდა. მოკლედ, დაკრძალვის გარეშე არ დატოვებდნენ, ამ მხრივ
წყნარად იყო.
გუშინდელ
დღემდე მუშაობდა, გუშინ უთხრეს, დროა დაისვენოთო და სამსახურიდან დიდი პატივით დაითხოვეს.
რადგანაც სულ მუშაობდა, დროც არ ქონდა სახლის საქმეები ეკეთებინა, და უკვე ათწლეულებია
ერთი და იგივე დამხმარე ყავდა, კვირაში ორჯერ-სამჯერ მოდიოდა, ისიც წლებში იყო უკვე
შესული და ძველებურად ვეღარ ეხმარებოდა, მაგრამ იმდენად მიეჩვია, რომ ვერ უშვებდა.
ხვალ უნდა მოვიდესო, გაიფიქრა, სამსახურში აღარ მივდივარ და მეც მივეხმარებიო, და პირველად
იგრძნო სიხარული იმის გამო, რომ აღარ უნდა წასულიყო სამსახურში, არადა, რა მძიმედ გადაიტანა
ის დღე, როდესაც უთხრეს, დროა პენსიაზე გახვიდეთო.
ფიქრებში
გართულს, სულ დავიწყებია ფრთებიც და ის კაციც, რომელიც მაინც ვერ გაიხსენა ხმაზე, ვინ
იყო. იუ, ის ხომ პასუხს ელოდება. „რა მკითხეთ, ბატონო", მიუგო ისე, რომ მის მხარეს
არც კი გაუხედავს. „ფრენა არ გინდათ?“, გაუმეორეს შეკითხვა.
რა
დროს ფრენააო, გაიფიქრა, მაგრამ ხათრი ვერ გაუტეხა და საერთოდ, არ უყვარდა უარის თქმა,
და დათანხმდა გაფრენაზე.
ფრთებმა
ცაში აწიეს, ისეთი სიმსუბუქე, თავისუფლება და ნეტარება იგრძნო, რომ გაიფიქრა: ფრენაში,
გაფრენაში ყოფილა ბედნიერებაო. უცებ ის, მდინარეში გადაშვებული ბეჭედი იგრძნო თითზე,
თავისი დაუხატავი ნახატები დაუდგა თვალწინ, ცა კი ულამაზესად ცისფერი და მზიანი იყო,
დაბლა სიმწვანე, ხეები, განსაკუთრებით ყვავილების სილამაზემ მოკვეთა თვალი. სხვა არაფერი
მინდა, სულ მუდამ ასე ვიფრენო, გაიფიქრა, მაგრამ დაღლა იგრძნო. ეს დაღლა ძლიერდებოდა
და ძლიერდებოდა. დაისვენეო, ჩაესმა ისევ ის ხმა და ისევ თავის ოთახში აღმოჩნდა.
იგრძნო,
როგორ ჩქარა უცემდა გული; ეს ბედნიერების გულის ცემა იყო. გადავიფიქრე და დაგაბრუნებო,
თუ ფრთებსაც თან წაიღებ და რეალურ ცხოვრებაშიც იფრენო, არ ეშვებოდა ის კაცი, მაგრამ,
როგორც კი გაიფიქრა, რა უჩვეულო იქნებოდა ეს და როგორი თვალებით მიაშტერდებოდნენ მეზობლები
ან უბრალოდ ქუჩაში შემხვედრნი მის ფრთებს, ვერ გაბედა და უთხრა: „ფრთებით ვერ დავბრუნდები.“
ახალი შეკითხვა რომ შემოესმა, აბა, ფრთების გარეშე გინდა დაბრუნებაო, ცოტა არ იყოს
გაბრაზდა, რას გადამეკიდა ეს კაციო, მაგრამ რომ წარმოიდგინა, როგორი მოსაწყენი იქნებოდა
იქ ყოფნა ფრენის შემდეგ ფრთების გარეშე, დაუბრუნა პასუხი: არა, არც უფრთებოდ არ მინდა, აქ დავრჩებიო.
ხოდა,
დარჩა.
გიმაიო
21/12/2018
თბილისი
Comments
Post a Comment