რიჟრაჟზე ერთი ჩვეულებრივი
ქალაქის, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ერთი ჩვეულებრივი ბინიდან ქალის ისეთი სასოწარკვეთილი
და საზარელი კივილი გაისმა, რომ ახლო-მახლო და მოშორებითაც ყველა მეზობელი გააღვიძა,
რომლებიც სასწრაფოდ იმ ბინისაკენ გაეშურნენ, სადაც საზარელი სურათი დახვდათ. სავარძლებში
ჩამჯდარი, თითქოს ჩაძინებულნი, მაგრამ სავარაუდოდ უკვე გარდაცვლილი ახალგაზრდა ბიჭები
იყვნენ, გარშემო პატარა კოკა-კოლას ცარიელი და გვერდ გამომწვარი ბოთლიც ეყარა. ერთ
ახალგაზრდას ქალბატონი ჩახუტებოდა და განწირვით ყვიროდა, რატომ დამღუპე შვილოო, ხოლო
კედელთან ჩაკეცილ მამაკაცს ხელებში ქონდა ჩარგული თავი და ღმუოდა.
... ფიზიკის პროექტზე
მუშაობდა, ორშაბათისათვის უნდა დაემთავრებინა. ფიზიკის ფაკულტეტზე სწავლობდა და ნიკნეიმად
(ახალი ბარბარიზმი ქართულში) „მეცნიერა“ შეარქვეს მეგობრებმა. პროექტებს ძირითადად
ადვილად წერდა, მაგრამ თემა შეხვდა ისეთი, რომ თავ-ბოლოს მოყრა გაუჭირდა, თან ცუდ ხასიათზე
იყო გაღვიძებული, რადგანაც წინა დღით შეყვარებულს დაცილდა. ამიტომ ძალიან გაეხარდა, როდესაც
ტელეფონის ზარი გაიგონა და მასზე მისი მეგობრის, ყოფილი კლასელის, სახელი დაეწერა.
ხო, დათუნა, გისმენო, უპასუხა. „ახლა კარგად მისმინე, 'შეჩემა'“, დაიწყო მეგობარმა შორიდან, „დედაჩემი
და მამაჩემი კარგა ხანია მადრიდში არიან, ხვალ დილით ჩამოდიან. ერთი ღამე დაგვრჩა თავისუფლების. მე, დიმკა, გიუჩა და ათუკა ვართ
ჩემთან. მეხუთე შენ, ყველას გვეყოფა, კაი ბიო გავჩითეთ. ბებიაშენისა, ხვალამდე, შენ დაბადების დღემდე, ვერ დაგელოდებით. ხვალ ჯიგრულად შეხვდები შენ ოც წელს, ისე, რო გასინჯულიც გექნება უკვე.“ „რეფერატს ვწერ“, უნდოდა თავი აეცილებინა
მიპატიჟებისათვის ჩვენს გმირს. „კარგი ახლა, ვიცით, მეცნიერა რომ ხარ, მაგრამ თუ ატყობ
, რომ დღითი-დღე გვკარგავ ძმაკაცებს. მოკლედ, უარი არ მიიღება, გელოდებით“, უთხრა მეგობარმა
და მაშინვე გათიშა ტელეფონი სწორედ იმიტომ, რომ უარის ახალი მიზეზები არ მოესმინა.
ხო, მართლა ჩამოვცილდი
მეგობრებს, ასე არ შეიძლება, გაიფიქრა მეცნიერამ, მით უფრო ჩემ ქალაქში და ჩემ უბანში,
მით უფრო ახლა, ამ კრიმინოგენული სიტუაციის ფონზე, თან იმის გათვალისწინებით, რომ ჩემი მშობლები მდიდარ ხალხად ითვლებოდა.
გასინჯვა თავადაც
აინტერესებდა, მაგრამ იმის ეშინოდა, რასაც „შეჯდომას“ ეძახიან და ყოველთვის, როდესაც
გასინჯვის შანსი ქონდა ვერ ბედავდა, არა იმიტომ რომ მშობლები წარმოუდგებოდა თვალწინ, მშობლებს იმდენი
საქმე ქონდათ, რომ მისთვის არ ეცალათ და ვერც ვერაფერს გაიგებდნენ, არც არაფერს უმოწმებდნენ,
რადგანაც მას ენდობოდნენ. ვერ ბედავდა, რადგანაც ასეთ შემთხვევაში მყისიერად წინა საუკუნეში ჩატარებული
ერთი ექსპერიმენტი ახსენდებოდა: ერთ გალიაში მოათავსეს ჩვეულებრივი თაგვები და რამოდენიმე
ნარკოტიკს მიჩვეული და ზემოქმედების ქვეშ მყოფი თაგვი. ჩვეულებრივმა თაგვებმა ისინი
თავის წრეში არ მიიღეს და არც ეკონტაქტებოდნენ, ანუ გარიყეს. მარტოობის შიში ჩვენ მეცნიერას
ალბათ იმიტომაც ქონდა, რომ დედისერთა იყო.
შეყვარებულთან ჩხუბი
გაახსენდა, არც ამ პროექტის დაწერის სურვილი ქონდა, ანუ, სახლიდან უნდა გასულიყო. ჩაიცვა,
ზურგ ჩანთაში ცურვისათვის საჭირო ნივთებიც ჩაალაგა, მაგრამ სახლიდან ისე გავიდა, გადაწყვეტილი
არ ქონდა მეგობრებს ააკითხავდა თუ ბასეინზე წავიდოდა.
... ისევ იმ გამთენიას
დავუბრუნდეთ და მე, ვინც ახლა ამ მოთხრობას ვწერ, უცებ ჩემი საწერი მაგიდიდან იმ ქუჩაზე
აღმოვჩნდი, სადაც სასწრაფო მანქანა იდგა და ბიჭები საკაცეებით ჩამოყავდათ. სასწრაფოს
ექიმთან ჟურნალისტი გოგონა იდგა. ესენი ასე უცებ როგორ გებულობენ ყველაფერს, გავიფიქრე,
ახლოს მივედი და გავიგონე, როგორ კითხა ექიმს: „ყველა გარდაცვლილია?“ დიახო, უპასუხა
ექიმმა. „რამდენი არიან?“ - გააგრძელა კითხვები ჟურნალისტმა. აქ ყურები დავცქვიტე,
მაგრამ ისეთი ხმაური იდგა, ვერ გავიგე, რა უპასუხა ექიმმა - ოთხი თუ ხუთიო, რადგანაც
ეს „თ“ და „ხ“ ბგერები აირია ერთმანეთში.
ჟურნალისტი ხელის
შეხებით შემოვაბრუნე და ვკითხე, რამდენი გითხრათ-თქო, მაგრამ მან პასუხის ნაცვლად თავად
დამისვა კითხვა: „თქვენ რა იცით მომხდართან დაკავშირებით?“ არაფერი-თქო, მივუგე სასწრაფოდ და ჩქარი ნაბიჯით გავცილდი იქაურობას.
გიმაიო
29/12/2018
dzalian kargi iko
ReplyDelete