მე ის დედა-ძაღლი ვარ, ჩემ დახოცილ შვილების თვალს რომ ვერ ვაშორებ; რა გასაკვირია, რომ თვალები ცრემლიანი მაქვს. ძალიან დაღლილი ვარ, ახლახანს ვიმშობიარე. როგორ მინდოდა, დედა რომ ვყოფილიყავი, მაგრამ პატრონმა გადაწყვიტა, რომ ამდენ ძაღლს ვერ გამოკვებავდა, და ახლად-გაჩენილ ჩემ შვილებს თავის შვილებთან ერთად ქვებით თავები დაუჩეჩქვა და ახლა ისინი აქვე სისხლის გუბეებში ყრიან. მე ყველაფერს საკუთარი თვალით ვუყურებდი, მინდოდა დამეცვა ჩემი შვილები, მაგრამ ახალნამშობიერებს წამოდგომის თავიც არ მქონდა.
ახლა გაოგნებული ვუყურებ ჩემ ლეკვებს და ბოლომდე ვერ ვაცნობიერებ, რა მოხდა, რადგანაც ჩემი ტვინი ისეთი განვითარებული არაა, როგორც თქვენი ტვინი ადამიანებო, მაგრამ იმას, რასაც მე ახლა ვგრძნობ სიკვდილი მირჩევნია. თურმე, სუიციდის ფუფუნებაც თქვენ გაქვთ ადამიანებს და არა ჩვენ ძაღლებს. ჩვენი მეხსიერება მოკლეა და, ალბათ ჩემ შვილებს რომ წაიღებენ და აღარ დავინახავ, დამავიწყდება და ჩვეულ ცხოვრების რითმს დავუბრუნდები.
პატრონმა საკუთარი შვილები ახლაც დაიხმარა, იქვე ორმო ამოთხარეს, რომელშიც ჩემი შვილები ჩაყარეს და მიწა მიაყარეს. მე არც პირველი და არც უკანასკნელი უჯიშო ძაღლი ვარ, ვისაც ასე მოქცევია ან მოექცევა ადამიანი. ჯიშიანი ძაღლების შვილებს პატრონები არ კლავაენ, რადგანაც მათ სარფიანად ყიდიან. დედას კი აცილებენ, მაგრამ დედამ ის მაინც იცის, რომ მისი შვილები ცოცხლები არიან, ან იქნებ მე ვფიქრობ ასე.
მე რა ვქნა? პატრონმა საჭმელი და წყალი მომიტანა, უნდა რომ მოვძლიერდე, რადგანაც კარგად ვდარაჯობ მის კარმიდამოს. მეც მშია და მწყურია. წამოვიწიე, საჭმელთან და წყალთან რომ მივახლოვებულიყავი, მაგრამ ჩემდა უნებურად იმ ადგილისაკენ დავიწყე ნელი სვლა, სადაც ჩემი შვილები ჩაყარეს. ძლივს მივაღწიე, იმ ახლად მიყრილ მიწაზე მივწექი და ამ ადგილიდან აღარც ავმდგარვარ.
... უკვე ისე სუსტად ვარ, რომ აღარც საჭმელი მინდა და არც მწყურია. უბრალოდ სიხარულს ვგრძნობ, რადგანაც ვიცი, რომ სულ მალე ჩემ შვილებს შევხვდები იქ, სადაც ისინი ჩემსავით ცოცხლები იქნებიან, მივხედავ და მოვუვლი, კარგად მოვუვლი.
ასეთ პატარა მოთხრობას ბოლოსიტყვაობა რად უნდა?- გავიფიქრე დაწერის შემდეგ გადაკითხვისას, მაგრამ აღარ შევცვალე.
დღეს დილით ფბზ-ზე შევედი, მეგობრების პოსტებს ვათვალიერებ და ერთ მეგობართან ისეთი სურათი დავინახე, რომ გავბრაზდი, რატომ დებენ ასეთ სისატიკეებს-თქო, განსაკუთრებით როდესაც ამ სოციალურ ქსელში ჩემნაირი ასაკიანი და გულის პრობლემების მქონე ადამიანებიც არიან. ავდექი გულის წვეთები და წნევის დამწევი დავლიე და გადავწყვიტე ამ სურათზე აღარ მეფიქრა, მ ა გ რ ა მ ვერ შევძელი და სულ ეს სისატიკე მედგა თვალწინ.
მერე გავიხსენე ის პერიოდი, როდესაც ქურქების მოყვარული ვიყავი სილამაზისა და სითბოს გამო. მაშინ ახალგაზრდა ვიყავი, გულიც არ მაწუხებდა, და შემთხვევით ერთ საშინელ ვიდეოს ვუყურე იმის შესახებ, როგორ წამებაში არიან ცხოველები იმისათვის, რომ ეს ლამაზი ქურქები ჩვენთვის შეიკეროს. გამოსავალიც მოვნახე. დღესაც ქურქები მაცვია, მაგრამ მხოლოდ ხელოვნური: ლამაზიცაა, თბილიც და არც დანაშაულის გრძნობა მაქვს, რომელიც ადრე ქვეცნობიერად მაინც მაწუხებდა.
ზოგჯერ სისასტიკე გამოსაფხიზლებელი წამალია. ამიტომ დამეწერა ეს მომცრო მოთხრობა და მინდოდა ეს სურათიც დამედო მასზე, მაგრამ ვეღარსად მოვძებნე, აუღიათ ფბ-დან, არც დაგუგლვამ მიშველა. ალბათ კარგია, რომ აიღეს, ალბათ არც მე უნდა დამეწერა ეს მოთხრობა. რა წინააღმდეგობრივ რაღაცეებს ვამბობ, მაგრამ თავად ცხოვრებაა წინააღმდეგობრივი და ულმობელი, რასაც მხოლოდ სიყვარული აძლევს ლოგიკას, სიკეთესა და სილამაზეს.
გ ი მ ა ი ო
25/01/2019
25/01/2019
თბილისი
Comments
Post a Comment