ფანჯრის გაღებამ გამაღვიძა. გარეთ წვიმდა, ძლიერი ქარი
ქროდა და ცა ჩამუქებული ღრუბლებით იყო მოფენილი. ფანჯრის დასაკეტად ავდექი და სადღაც
ღრმად ვიგრძენი, რომ ამინდი და მე ზუსტად ერთნაირ ხასიათზე ვიყავით. მინდოდა ძილი შემებრუნებინა,
თავისუფალი პროფესიის წარმომადგენელი ვარ - მხატვარი. ისევ ახალგაზრდა მხატვარს მეძახიან,
მაგრამ ახალგაზრდა ნამდვილად აღარ ვარ, 30-ს გადავაბიჯე. რაც არ უნდა დახატო, მაინც
უკმაყოფილო ხარ კაცი; მერე ელოდები, როდის გაგეყიდება რამე, ოჯახს რჩენა უნდა, რასაც
გაჭირვებით ვახერხებ. სასმელი და მოსაწევი მეხმარება დეპრესიული შემოტევების დაძლევაში.
გუშინაც დავთვერი, ცოლსაც უაზროდ ვეჩხუბე, ამიტომ ეტყობა ბავშვის ოთახში ძინავს.
ავდექი. ფანჯარასთან მივედი. უცებ მომინდა მინაზე მზე
დამეხატა ყვითელი ფლომასტერით, აი ისეთი ბავშვური მზე, მრგვალი რომაა და სხივებით.
იქვე ჩემ ტელეფონს მოვკარი თვალი, ავიღე, მზე დავგუგლე და სურათებში გადავედი. რამდენნაირი
მზე იყო თავისი ყვითელი-წითელი-ნარინჯისფერით, უცნაური ლაქებითა და ნათებით. ზეთის
საღებავები მოვიმარჯვე და დავიწყე ხატვა; ალბათ ერთი საათი მაინც ვიმუშავე. ფუნჯის
ბოლო მოსმის შემდეგ მივხვდი, რომ მზის სათვალე მჭირდებოდა. გამიკვირდა, ადვილად სარკესთან რომ ვიპოვე. გავიკეთე, საწოლზე ჩამოვჯექი და მზეს დავუწყე
ყურება. შეიძლება არ დამიჯეროთ, მაგრამ მართლა ვიგრძენი მზის სითბოც და ნათებაც, გინდათ
გულში თქვით და გინდათ ტვინში, ხოლო ამ სითბომ და ნათებამ ჩემ ხასიათს ომიც კი მოუგო.
ზოგჯერ, იმისათვის რომ ღრმა ბედნიერება იგრძნო არც სასმელია საჭირო და არც მოსაწევი.
ბედნიერებისათვის მზის სითბო და ნათებაც საკმარისია.
ამ ემოციებში ვიყავი ჩაძირული, კარი რომ გაიღო და ჩემი
ცოლი შემოვიდა ბავშვთან ერთად გარეთ გასასვლელად ჩაცმულები და ჩალაგებული ჩანთებით.
„მივდივართ დედაჩემთან, მეტი აღარ შემიძლია შენი ატანა“, მითხრა და „ჩემ ატანაში’ გულისხმობდა
ჩემ არაფხიზლობას და უფულობას. შევხედე და მხოლოდ ერთი სიტყვა ვუთხარით მე და ჩემმა
მზემ: „მიყვარხარ“. ის კი ჩემ დახატულ მზეს უყურებდა და ვიგრძენი, რომ ამ მზემ მასაც ისე გაუნათა და გაუთბო გული,
რომ თვალზე კურცხალი შევატყვე.
მომიახლოვდა, ხელი მოვხვიე და თავი მის მკერდში ჩავრგე.
მეც მიყვარხარო, თქვა, უფრო მომეკრო, მაგრამ მაინც ვერ მივხვდი რომელს გვითხრა - მე
თუ ფანჯრის მინაზე დახატულ მზეს.
გიმაიო
15/05/2019
თბილისი
Comments
Post a Comment