სადარბაზოდან გამოვედი თუ არა, უცებ შავმა კატამ
გადამირბინა. ასე უცებ საიდან გამოძვრა ვერც შევამჩნიე და, ძალიან ახლოს და სწრაფად
გამირბინა და იქვე მდგომ ნაგვის ურნის ქვეშ შეძვრა. ისე შემეშინდა, შევყვირე კიდეც.
შემიძლია დარწმუნებით
ვთქვა, საკმაოდ ძლიერ და თავისუფალ ადამიანად ვთვლი თავს და სხვებიც ასე მიცნობენ,
რელიგიურიც კი არ ვარ, მაგრამ
გამოგიტყდებით, რომ ეს
ცრურწმენა შავი კატის წინ გადარბენის შესახებ სისხლში მაქვს და მაშინებს.
ისეთ ბიზნეს შეხვედრაზე
მივდიოდი, სადაც ჩემთვის მნიშვნელოვანი საკითხი უნდა გადაწყვეტილიყო და სწორედ ამ კატის
გამო გავიფიქრე, მოდი სხვა დროისათვის შევხვდები, დღეს მაინც აღარაფერი გამოვა. დავრეკე
და ვეუბნები: “უკაცრავად დედა გამიხდა ცუდად, საავადმყოფოში მივდივარ, და იქნებ, სხვა
დროს შევხვდეთ.” რაზეც მიპასუხეს: “ შეხვედრა საჭირო აღარაა, წარმოდგენილი
საბუთებით ვიმსჯელეთ და თქვენ ხართ გამარჯვებული. კონტრაქტს, როდესაც
მობრძანდებით, გავაფორმებთ.”
ახლა იმაზე ვინერვიულე,
ტყუილი რომ ვთქვი დედა ცუდადაა-თქო, და დავურეკე. მისმა მომვლელმა ექთანმა მიპასუხა,
დღეს კარგადაა, წნევა, შაქარი ნორმაში, კარგად მიირთვა და უკეთესად დადისო, მუხლებიც
ნაკლებად ტკივაო. მერე დედას მოვესიყვარულე: ყველაზე კარგი დედა ხარ მთელ მსოფლიოში
და ძალიამ მიყვახარ-თქო, თავადაც თავისებურად უტკბილესად მომეფერა და საუკეთესო ხასიათზე
დავდექი.
წავედი სამსახურში,
რომ ჩემი თანამშრომლებისათვის კარგი ამბავი შემეტყობინებინა, რომლებმაც უკვე ყველაფერი იცოდნენ
და გაშლილი სუფრით დამხვდნენ. მართლა წვეთ ალკოჰოლს არ ვსვავ. მაშინაც კი არ დავლიე,
როდესაც ჩემმა შვილმა დამირეკა და მითხრა, დეე, ლელა ფეხმძიმედაა; ლელა - ჩემი რძალია, უკვე მესამედ
გავიკეთეთ ტესტი და ერთი და იგივე შედეგიაო. გავგიჟდი სიხარულით, თითქმის სამი წელი
ველოდი ამ ზარს.
დალევაზე რატომ ვამახვილებ
ყურადღებას. სამსახურიდან რომ გამოვედი, მანქანა გამომყავდა და მართლა ვერ დავინახე
ის პორშე, ასე უცებ საიდან გამოვარდა აწყვეტილი სიჩქარით. რა თქმა უნდა, ჩემი ბრალიც იყო ალბად რაღაც - ძალიან გახარბულ ფიქრებში
დავფრინავდი. მაგრამ იმ მანქანის მძღოლი ნასვამი აღმოჩნდა. მთავარი ეს არაა, მთავარი
ისაა, რომ ისეთი შეჯახების ხმა იყო, მეგონა მოვკვდებოდი, მაგრამ ამ დღეს ბედი მწყალობდა, მხოლოდ ფეხის მოტეხილობით
შემოვიფარგლე, ბალიშები გაიხსნა.
თაბაშირმა კი შემაწუხა,
მაგრამ ამას ვინ დაეძებდა. როგორც კი გავიარე
და გამოვედი, გავიგე, რომ ის შავი კატა სხვათაშორის ულმაზესი და ულამაზესი სხვადასხვა ფერის თვალებით,
რაც იმის მერე გამოჩნდა, რომ ვიშვილე და თან
გადავყევი, ჩვენი უბნის უპატრონო კატა ყოფილა და კაი უცხვირპირო ვიმნე არმოჩნდა, მაგრამ ძალიან შემაყვარა თავი. ვაპირებდი David Bowie დამერქვა, მაგრამ იგი ახალი გარდაცვლილი
იყო და გადავიფიქრე.
ერთი საფიქრალი გამიჩინა
ოღონდ. მოკლედ, დილით სახლიდან გასვლისას რომ დავუძახებ: “Milo,
high five!”, თუ იკადრა და უკანა
თათებზე აიწია და თავისი თათი ხელზე მომარტყა, ის დღე მშვენიერად მიდის და სრულდება,
მაგრამ ყოველთვის ამის ხასიათზე არაა ბიჭი.
გიმაიო
28/07/19
Comments
Post a Comment