ჯერ ძალიან ახალგაზრდა ვარ, ჩვეულებრივი სტუდენტი, არაფრით
გამორჩეული. არა, ერთს კი სულ მეუბნებოდა ყველა, რა ლამაზი თვალები გაქვსო. უკვე აღარ
მეტყვიან, რადგანაც ერთი თვალი აღარ მაქვს. დედაჩემს უჭირს ამის გაგება, მაგრამ იქნებ
თქვენ მაინც გამიგოთ: როგორ არ გავსულიყავი აქციაზე და როგორ არ გამეპროტესტებინა ის,
რაც მოხდა. როგორ დამეხუჭა თვალები ჩემი ქვეყნის შეურაცხყოფაზე და დამცირებაზე, როდესაც
ჩემი ქვექნის საკანონმდებლო ორგანოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში იმ ქვეყნის
ხელისუფლების ჭანჭიკი ვნახე ჩასკუპებული, რომელსაც ჩემი ქვეყნის 20% აქვს ოკუპირებული.
გავედი მიტინგზე მშვიდობიანად, მე რა ძალადობა შემიძლია, ერთი კაფანდარა გოგონა ვარ.
გუშინ უნივერსიტეტში რომ მივდიოდი, ჯავახიშვილში, გზებია გადათხრილი, ხომ იცით, ქვაზე წამოვკარი
ფეხი, წავიქეცი და ორივე მუხლი გადატყავებული მაქვს. მართალი გითხრათ, აქციაზე მუხლებმა
შემაწუხა, ცოტა დავიღალე კიდეც და წამოსვლას ვაპირებდი, და სწორედ ამ დროს ატყდა ის
ჩოჩქოლი და მალევე თვალში მომხვდა ის რეზინის ტყვია, დათვების წინააღმდეგ რომ იყენებენ
თურმე.
ეს მერე მითხრეს, თორემ მაშინ არაფერი გამიგია და მახსოვს, ალბათ ტკივილისაგან
და შიშისაგან შოკში ჩავვარდი. საავადმყოფო კი მახსოვს, მაგრამ როდესაც მითხრეს, სამწუხაროდ
თვალი ვერ შეგინარჩუნეთო, მაშინაც ვერაფერი გავიგე. ალბათ არის რაღაცეები, რის გაანალიზებასა და შეგუებას დრო ჭირდება. ოღონდ ერთი ნათესავის ოხვრა ჩამესმა ძალიან
მკვეთრად, უთვალოდ როგორ უნდა გათხოვდეს ეს საცოდავიო. მაშინ ვიგრძენი პროტესტი: შეყვარებული
მყავს და ამის გამო არ მიმატოვებს-თქო გავიფიქრე გაბრაზებულმა.
დიახ, თვალი, აღარ მაქვს, მაგრამ ერთი დიდი სურვილი
გამიჩნდა. ის კი არა, რომ თვალი დამიბრუნდეს, ეს უკვე აუსრულებელი ოცნებაა. უბრალოდ
მსურს, რომ რომ ჩემი თვალის დაკარგვას აზრი ქონდეს. რომ გავთხოვდები და შვილი მეყოლება,
მინდა, რომ ის ცხოვრობდეს გამთლიანებულ და დამოუკიდებელ სახელმწიფოში, სადაც სიტყვის
თავისუფლებას პრობლემები არ შეექმნება, სასამართლო სამართლიანი იქნება, ხოლო პოლიცია
ხალხის დამცველი, სადაც ისეთი ადამიანები არ იარსებებენ, რომლებიც ისეთ ბრძანებას გასცემენ
და შეასრულებენ თავიანთი უგულობისა და ბოროტების გამო, რომ ჩემ ქალიშვილს მოუწიოს გაიგონოს,
როგორ ამბობს მისი ნათესავი, უთვალოდ როგორ უნდა გათხოვდეს ეს საცოდავიო.
გ ი მ ა ი ო
ეს ესე ჩემ იუთუბ არხზე დავდე ვიდეოს სახით
Comments
Post a Comment