რასაც ახლა წაიკითხავთ სიკვდილის შემდეგ დავწერე. არ მითხრათ, რომ გაგიკვირდათ. მე პირადად აღარაფერი მიკვირს. თუ გინდათ, დაჯექით და მომისმინეთ, თუ არა და, მიხედეთ თქვენ საქმეებს. დავიწყე.
... შუაღამეს კარგა ხანია გადაცილდა, მაგრამ, როგორც თითქმის ყოველ ღამე, არც ახლა მეძინება. ადრეც ასე იყო, ამ ბოლო დროს კი განსაკუთრებით, ალბათ იმიტომ, რომ უკვე 3 თვე 2 კვირა და ერთი დღეა, რაც სახლიდან არ გავსულვარ, აკრძალული მაქვს.
ამ პერიოდში მნიშვნელოვანი, რაც საკუთარ ტყავზე ვიგრძენი, არი ის, რომ უსაქმურობაა დეპრესიის ძირი და ძირი. ჩემი პროფესიით მუშაობას გარეთ გასვლა უნდა, მშენებელი ვარ, ვმუშაობდი კიდეც, მაგრამ ახლა?! მოკლედ, ორი თვეა ვხატავ; დღისით ამის სურვილი არ მიჩნდება, მაგრამ შუაღამეს გადასცდება თუ არა, ხატვის დაუოკებელი ჟინი მეუფლება. დღის მანძილზე იდეებს ვეძებ და უმეტეს წილად ვპოულობ კიდეც. თუ ვერ ვიპოვე, ყოველგვარი ცნობიერი აზრის გარეშე ვიღებ რომელიმე ფერს და ვიწყებ ფონის დადებას, ამასობაში იდეაც მოდის და საბოლოოდ რაღაც გამოდის, რითაც კმაყოფილი რა თქმა უნდა არ ვარ, მაგრამ კმაყოფილების გრძნობა მაინც მეუფლება, რადგანაც რაღაც გავაკეთე.
არც დღეს მაქვს რამე იდეა, ფონისთვისაც კი ვერ შევარჩიე ფერი. რაღაც ზედმეტად აღელვებული ვარ, თითქოს ცუდი წინათგრძნობა დამეუფლა. ვზივარ, ვუყურებ თეთრ ტილოს და ფიქრებში წავედი: ფოტოაპარატის გამოგონებამ მხატვარს დიდი თავსატეხი გაუჩინა, რადგანაც კლასიკურმა ნახატმა აზრი დაკარგა. პორტრეტია, პეიზაჟია თუ სხვა რამ ორიგინალთან მსგავსებით კი არ ფასობს, არამედ იმ რაღაცით, რასაც გარკვეული სახელიც კი არ გააჩნიადა მხოლოდ ემოციურ-ირაციონალური შეფასებით დგინდება. ასეთი შეფასება კი თავის მხრივ მხოლოდ დადებით მხარეებს არ შეიცავს. უარყოფითებში გამოვყოფდი მხატვრობით დაინტერესებულთა სნობიზმს, საკუთარი აზრის არ ქონას და შესაბამისად მიმბაძველობას; უფრო მეტიც, ნახატის შეფასებისას მისი შექმნის დრო და ადგილიც მნიშვნელოვანი ხდება.
ამ წაფილოსოფოსო ფიქრებში ვიყავი, როდესაც კარზე ძლიერი კაკუნი კი არა, ბრახუნი გაისმა შეძახილით: „კარები გააღეთ, პოლიციაა!“ მართალია, პოლიცია არ მიკვირს, რადგანაც მათი ოფროს მოწმე ვარ (უი, ეს თქვენთვის აქამდე არ მითქვავს), მაგრამ დრომ გამაკვირვა: ასე გვიან რა უნდათ მეთქი, გავიფიქრე.
გავიხედე კარებში და მართლაც ნაცნობი პოლიციელი დავინახე, გულზე მომეშვა და კარიც გავაღე. სამნი იყვნენ. შემოსვლისთანავე მომაძახეს, სწრაფად ჩაიცვი, განყოფილებაში გველოდებიანო ვიდრე ვიცვავ, თქვენც გაგაცნობთ საქმის ვითარებას. ორ ქურდულ კლანს შორის გარჩევას შევესწარი, რომელსაც დიდი მსხვერპლი მოყვა. როგორ აღმოვჩნდი იქ? ახალგაზრდობაში ბევრი შეცდომა დავუშვი, დროც ისეთი იყო სხვაგვარად მეგონა ვერც გადარჩებოდი. ცოლი რომ შევირთე და შვილი შეგვეძინა, მივხვდი, ამ ხალხთან ჩემი ადგილი არ იყო, სწავლაც გავაგრძელე, და თითქოს ჩამოვცილდი კიდეც, მაგრამ ბოლომდე მათგან თავის დაძვრენა შეუძლებელია.
იმ დღესაც ჩემმა ახალგაზრდობის დროინდელმა მეგობარმა დამიბარა, ამა და ამ ადგილას მოდიო. საცობების გამო ოდნავ გვიან მომიწია მისვლა, სროლა სულ ახალი დაწყებული იყო. მანქანიდან არ გადმოსცულვარ, მაგრამ ყველაფერი კარგად დავინახე.
პოლიციამ იმ ღამესვე ამიყვანა. აღარ მინდა ციხე, მეყო იქ გატარებული ახალგაზრდობა. არ მინდა ჩემი შვილი უჩემოდ გაიზარდოს, თან ც-ჰეპატიტის პროგრამაში ვზივარ, და დავთანხმდი, რაც დავინახე ყველაფერს ვიტყვი-თქო. სახელი და გვარიც შემიცვალეს და ამ სახლშიც გამომკეტეს.
ამ შემოდგომაზე რაღაც ნაადრევად აცივდა, ქურთუკი გადავიცვი და გავყევი პოლიციელებს. მაინც იმაზე ვფიქრობ, რომ დავბრუნდები, რა დავხატო.
რაღაც გახანგძლივდა მგზავრობა, ფანჯარაში გავიხედე და შიში დამეუფლა, ქალაქ გარეთ გავდიოდი. სად მივდივართ-თქო, ვიკითხე. თუ სიცოცხლე გინდა, ხმა არ ამოიღოო, ჩემმა ნაცნობმა პოლიციელმა მითხრა და იარაღი მომადო.
ტყეში შევედით. მანქანაც მალე გააჩერეს, გადმომიყვანეს და ორივე ქურდული კლანის წარმომადგენლები დავინახე, ვინც იმ „პერესტრელკას“ გადაურჩა. შენი ფეხით მოაჯვი აქ, შე ბოზოო, მითხრეს. ადგილზევე ჩავიკეცე, შიშისგან შარდიც თბილაც ჩამომეღვარა ფეხებზე. პოლიციელებს განწირული ხმით შევძახე, არ დამტოვოთ-თქო, მაგრამ ისინი ხმის ამოუღებლად მანქანისაკენ გაეშურნენ. მანქანისაკენ მიმავალმა ერთმა პოლიციელმა წიხლი ჩამცხო, მანქანა დაქოქეს და წავიდნენ.
აღარ შემიძლია იმის გახსენება, რაც ამის შემდეგ აქ დატრიალდა, არც თქვენ უნდა გინდოდეთ იმის მოსმენა, საკუთარი დამწვარი ხორცის სუნი როგორ მცემდა, ისედაც გაგიგონიათ და იცით, რამდენად შეუბრალებელი არსებაა ადამიანი, ყველაფრის მკადრებელი.
ისე, რამდენი რამ გაუთვალისწინებია იმ ძალას, რომელმაც ადამიანი შექმნა. როდესაც ტკივილი გაუსაძლისი ხდება, გონებას კარგავ. ასე რომ არც კი მიგვრძნია ის 30 მოყენებული ჭრილობა, რომელიც იმის შემდეგ დათვალა ექსპერტიზამ, წყალმა ჩემი გვამი რომ გამორიყა.
მათ შორის იმ სასიკვდილო ჭრილობის დასმისას, ძალიან შორიდან ხმა შემომესმა, ბოლო სიტყვის თქმის/შეკითხვის დასმის უფლება-ღა დაგრჩა, ძმაო.
რა უნდა ვთქვა?!
ჩემზე უკეთ ვინ იცის, ვინ არი კრიმინალი და ზოგიერთი მართლმსაჯულებას ამოფარებული პოლიციელი. სათქმელი არაფერი მაქვს, უნდა მეთქვა, მაგრამ გადავიფიქრე, რადგანაც ერთადერთი შეკითხვა ვიგრძენი, რომ უნდა დამესვა.
„ჩემო სამშობლოვ, ჩემო ქვეყანა, უფრო ზუსტად ხელისუფალნო, მმართველო, თქვენ დედა გყავთ?!“
გიმაიო
10/17/2019
Comments
Post a Comment