
მე მამა არ მიყვარდა, რადგანაც დედა მიყვარდა უძალიანესად, ხოლო მშობლებს მთელი ჩემი ბავშვობის პერიოდში გაუთავებელი ჩხუბი ქონდათ. არადა, მამას დედა უზომოდ უყვარდა, დედასაც, მაგრამ ორი კარდინალურად განსხვავებული პიროვნების კოჰაბიტაცია/თანაცხოვრება დიდი სიყვარულის მიუხედავადაც კი ძალიან რთულია. ამ კონფლიქტებში მე ყოველთვის დედის მხარე მეკავა, დედაჩემი ხომ შვილებისათვის თავდადებული დედა იყო და არი. თან ყველა აღიარებდა, რომ დიდი ხნით უშვილობის შემდეგ, მე, პირველი შვილი, დედას განსაკუთრებით ვუყვარდი. რომ დაგარწმუნოთ, ერთ მაგალითს მოვიყვან, ჩემ უსაყვარლეს მაგალითს.
სკოლას ვამთავრებდი უკვე, ანუ 17 წლის გახლდით. ერთ დღეს სკოლაში მივდიოდი, ქურთუკი ჩავიცვი და ფეხსაცმლის შესაკრავად უნდა დავხრილიყავი, როდესაც დედის ხმა შემომესმა: “ნინო, არ დაიღუნო, მოვდივარ, ფეხსაცმელს მე შეგიკრავ.” სულ სხვა ოთახში იყო და როგორ დაინახა ან იგრძნო, რის გაკეთებას ვაპირებდი?
მამისგამ ასეთი ყურადღება მე არ მიგრძვნია და ამიტომ მეგონა, რომ არც მას ვუყვარდი. არადა, ახლა რომ ვიხსენებ, გიჟდებოდა ჩემზე. ჩვენ პატარა ქალაქში ყველა ღონისძიების, კონცერტი იქნებოდა, ფეხბურთის მატჩი თუ სხვა, წამყვანები ერთად ვიყავით: ის და მე, მხოლოდ მამა და მე. საუცხოოდ ულამაზესი ხმის ტემბრი ქონდა, ალბათ ჩემიც მოწონდა.
ასაკში რომ შევიდა, ნერვები მეშლებოდა ერთი და იგივეს ხშირად რომ იმეორებდა, რაც მე მახასიათებს ახლა. ასჯერ მაინც აქვს მოყოლილი: “ ავდივარ სკოლის აღმართზე, გაკვეთილები ახალი დამთავრებულია და გიჟებივით ჩამორბიან ბავშვები, ერთმანეთს ხელს კრავენ. ამ დროს შევნიშნე ერთი გოგონა, ისე წყნარად და დინჯად მოაბიჯებდა, გავიფიქრე, ნეტავ შენ მამას-თქო, და ჩემი ნინო არ შემრჩა ხელში.” რამდენჯერაც არ უნდა მოეყოლა, ბოლო სიტყვებზე ყოველთვის უბრწყინავდა თვალები. ამას ახლა ვაანალიზებ, თორემ მაშინ მეგონა, რომ არც მე მიყვარდა და არც მას ვუყვარდი.
მამა რომ მოხუცდა, სათანადო ყურადღება ვერ მივაქციე. ფინანსურადაც მიჭირდა მაშინ, თან სამი ბიჭი იმ ასაკში მყავდა, მუდმივი თვალ-ყური რომ ჭირდებათ.
მისი გასვენების დღეს მივხვდი, თუ როგორ ძალიან მყვარებია. არ მეგონა, თუ ხმამაღლა ტირილი შემეძლო, მაგრამ პატარა ბავშვივით ვბღაოდი; ვთვლიდი, რომ მე ვიყავი მისი ძირითადი ჭირისუფალი. მისი საფლავის მოვლის უფლებასაც სხვას არ ვაძლევ, რადგანაც იმ არსიყვარულის სინდისი მქეჯნის და ფიქრებში სულ პატიებას ვთხოვდი.
... და მაპატია. ამას იცით, როდის მივხვდი? ახლა 56 წლის ასაკში, როდესაც თავად
მანიშნა. გაინტერესებთ როგორ მანიშნა? თავისი ნიჭი მაჩუქა და მეც ხატვა დავიწყე. ოღონდ ვხატავ არა დაკვეთით, არამედ მხოლოდ იმას, რაც მე მინდა და როდესაც მე მინდა. ამაზე ვერც კი ვიოცნებებდი, რადგანაც ხატვის არანაირი ნიჭი არ მქონდა არც ბავშვობაში და არც შემდეგ ზრდასრულობისას.
მხატვარი გავხდი-თქო, ამას კი არ ვიჩემებ, არა, უბრალოდ ყველაზე თავისუფალი და ბედნიერი მაშინ ვარ, როდესაც ვხატავ. ეს თავისუფლება და ბედნიერება მამამ მე დამიტოვა. მადლობა მაა, მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ!
გიმაიო
Comments
Post a Comment