მოგესალმებით! მე ჯემალა ვარ. ყველა ახალ მოთხრობაში ვერ დაგიწყებთ ახსნა-განმარტებას იმის შესახებ, თუ ვინ ვარ და რატომ გადაგეყარეთ ახლა გზაზე. თუ გაინტერესებთ, „ჯემალა“-ს პირველი მოთხრობა წაიკითხეთ. თუ არ გაინტერესებთ, ისე მომისმინეთ. თუ არც მოსმენა გაინტერესებთ, სულ კარგად ბრძანდებოდეთ.
უთქვენოდაც მშვენიერად დავიწყებ იმის მოყოლას, რაც მინდა და რაც მაწუხებს. გავიხსენებ იმ პერიოდს, როდესაც ჩემი თანატოლი ბიჭები სულ გოგონებზე საუბრობდნენ, უფრო ზუსტად ჭორაობდნენ; გეგონებათ სხვა უფრო საინტერესო თემა არ იყო. მე გოგონები არ მაინტერესებდნენ, არც ლამაზებად ვთვლიდი და ცოტა მედებილებოდნენ კიდეც. ამას ჩემი მეგობრები რომ მიხვდნენ, ამაზრზენად დამიწყეს ყურება. ერთმა მკითხა კიდეც, შენ გეი ხომ არ ხარო. თქვენ წარმოიდგინეთ არც ბიჭები მაინტერესებდნენ, ისინიც მედებილებოდნენ და გულის ამრევად უთავმოყვარენი და მშიშრები მეგონენ. არა, ბატონო, არც ცხოველები და არც რაიმე ნივთები, და ეს არანაირ დისკომფორტს პირადად მე არ მიქმნიდა და არც ახლა მიქმნის.
როგორც მოგვიანებით გავიგე ასეთ ადამიანებს ასექსუალები ქვიათ და სხვადასხვა კვლევების მიხედვით მათი რაოდენობა მოსახლეობაში ერთიდან 10%-მდე მერყეობს.
უკვე გითხარით, რომ ეს ჩემი მდგომარება საერთოდ არ მაწუხებდა, მაგრამ უნდა დავამატო, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ტყუილი უნდა მეპასუხა კითხვაზე: "ჯემალა, ცოლი როდის მოგყავს"-ო; ამას ახალგაზრდობაში მეკითხებოდნენ. "მალე", ვპასუხობდი, როგორც მშობლებმა დამარიგეს, არადა ტყუილის თქმა არ მიყვარს, რადგანაც საკუთარი თავის პატივისცემას მიქვეითებს. იცით, რატომ იბრძვიან ადამიანები იმისათვის, რომ სხვების პატივისცემა დაიმსახურონ? იმიტომ რომ ბევრ ტყუილს ამბობენ, რაც საკუთარი თავის პატივისცემას აკარგვინებთ, ამიტომ ჭირდებათ, რომ სხვამ მაინც მიაგოს პატივი. მე კი თქვენი პატივისცემა სულაც არ მჭირდება, არა მოვიტყუე, დროდადრო მჭირდება, რამეთუ დროდადრო მეც მიწევს ტყუილის თქმა.
გადავუხვიე გზიდან, დავუბრუნდები სათქმელს. დილიდან მიგრძნობდა გული, რომ უცხოპლანეტელები მესტუმრებოდნენ და ეს უბრალო სტუმრობა არ იქნებოდა.
... "ჯემალა, გძინავს?" - ეს ჩემ ენაზე მკითხეს, ორნი იყვნენ მივხვდი. ერთი ჩემი მეგობარი, ანუ ჩემზე მომაგრებული, ხოლო მეორე ვერ დავინახე. ღამის სამი იყო. ლოგინში კი ვიწექი, მაგრამ არ მეძინა; ველოდი. მძინავს-თქო, ვუპასუხე. "არ გინდა, ცოტა დახვეწილი იუმორის გრძნობა გიბოძოთ", მითხრა მეგობარმა. "არა", მივუგე: "იუმორი არც დახვეწილი მომწონს და არც დაუხვეწავი".
-
რაღაც ვერ ხარ ხასიათზე; რა გჭირს ჯემალა?
- ტყუილად არ მოხვიდოდი; რა გინდა?- კითხვით ვუპასუხე კითხვაზე.
-
მართალი ხარ, ტყუილად იმდენ უნარს ვინ გაჩუქებდა, ისე რომ არაფერი მოეთხოვა. სათხოვარი გვაქვს.
-
ამოღერღე, - მივუგე მკვახედ.
- დიდ ექსპერიმენტს ვატარებთ. გვინდა ჩვენი და თქვენი შეჯვარება. გვაინტერესებს, ნაყოფი რა გამოვა.
-
მე ასაკოვანი ვარ, ახალგაზრდა მოძებნეთ, - გახარებული ხმით მივახალე, რადგანაც კარგი არგუმენტი მოვძებნე და განსხვავებულ სახეობებსა თუ დნმ-ზე არ დამჭირდა ფილოსოფობანა, რათა ამ საკითხში ვერ ვერკვევი.
-
არა, ჩვენთვის ზუსტად იმ ასაკში ხარ, რაც გვჭირდება.
-
მე ასექსუალი ვარ, - ეს ჩემი საიდუმლო პირველად გავაჟღერე.
-
ჩვენთვის არც ეგაა პრობლემა. შენ ერთი რამ გევალება: თვალები არ გაახილო, ვიდრე მე არ გეტყვი.
-
თქვენთვის უარის თქმას აზრი არ აქვს, - მივუგე დამარცვლით და თვალები დავხუჭე.
უცებ გარშემო ისეთი სასიამოვნო სურნელი ვიგრძენი, მერე ტუჩებზე ოდნავი შეხება, მერე ყურში რაღაც ულამაზესი სიტყვა ჩამესმა ჩურჩულით და ვიგრძენი "იქ" შეხება. შეხება ისეთი ფაფუკი და მგზნებარე იყო, ვიგრძენი"ის" როგორ გადიდდა და გამაგრდა. მე კი თითქოს კოსმოსში გავიჭერი და იმხელა სიამოვნება ვიგრძენი მინდოდა მეყვირა, მაგრამ მაქსიმალურად თავი შევიკავე და მხოლოდ ყმუილი აღმომხვდა. გადმოვიდაო, ეს თავის ენაზე თქვეს, მაგრამ მე ვუკვირდები მათ საუბარს, ვიწერ კიდეც და უკვე ბევრი სიტყვის შინაარსი ვიცი.
- შეგიძლია გაახილო თვალები, მითხრა ჩემმა მეგობარმა, მაგრამ მე არც თვალების გახელა შემეძლო, აღარც გავნძრევა; ასეთი სასიამოვნოდ მოთენთილი გრძნობა არასოდეს მიგრძვნია.
- კარგი, დაიძინე, ამაღამ ტკბილი ძილი გექნება. თუ ექსპერიმენტი გამოვიდა, მის ნაყოფს გაჩვენებთ, -
თქვა და ვიგრძენი, ორივემ როგორ დატოვა აქაურობა. ოღონდ ის, ვინც არც კი დამინახავს, წასვლის წინ ლოყაზე უნაზესად შემეხო.
აქ ვამთავრებ ამ მოთხრობას და, ვინც წაიკითხეთ ბოლომდე, დამიწყებთ ახლა, ჯერ რა დროს დამთავრებააო. გვითხარი, რა მოხდა მერეო. გეტყვით, ბატონო, მაგრამ იმის შემდეგ, რაც ექსპერიმენტის შედეგს გავიგებ, რომელსაც მოუთმენლად დაველოდები. ნეტავ იცოდეთ, როგორ მინდა მამა გავხდე და თან როგორ მეძინება.
პ.ს. ჩემგან aka ავტორისაგან დავამატებ, რომ
ყველა პერსონაჟი და მოქმედბა ფანტაზიის ნაყოფია მხოლოდ.
გიმაიო
11/10/2020
თბილისი
Comments
Post a Comment